ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაწესებულებებთან მუშაობა დაიწყო. პირველი შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და დაწესებულებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მათი დანერგვის გზები დეტალურად გააცნეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავტორიზაციის პროცესის პილოტირების განხორციელებას ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების ეფექტურად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
პილოტირების პროცესში გათვალისწინებულია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და დამკვირვებელ ექსპერტთა მონაწილეობა, რომლებიც რეალურ გარემოში დააკვირდებიან პილოტირებაში ჩართულ ექსპერტთა მუშაობას, დაესწრებიან ინტერვიუირების პროცესს და ექნებათ წვდომა დაწესებულების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციაზე.
პილოტირებისთვის სამი დაწესებულება შეირჩა. პროცესი განხორციელდება პროექტის „ისწავლე საქართველოში“ ფინანსური ხელშეწყობით.