განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სამედიცინო უნივერსიტეტის განმავითარებელი შეფასების განხორციელებას. განმავითარებელი შეფასების პროცესი ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით წარიმართება და მასში გათვალისწინებული იქნება მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი.
შეფასებაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, ხოლო ამ პროცესს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი დააკვირდება.
„პროცესი დაეხმარება სამედიცინო უნივერსიტეტს მიღებული შეფასების შედეგები და რეკომენდაციები გაითვალისწინონ დაწესებულების შემდგომი განვითარებისთვის, პროცესი ასევე დაეხმარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს - მოიპოვოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ლიცენზია, რომლითაც სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების საერთაშორისოდ აღიარებულ აკრედიტაციას განახორციელებს. საერთაშორისო აკრედიტაცია კი დაეხმარება სტუდენტებს როგორც უცხოეთში სწავლის გაგრძელებაში, ასევე გლობალურ ბაზარზე დასაქმებაში“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.