მიმდინარე წლის 18 ივლისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭომ, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ რეკომენდირებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის სამუშაო ვერსია განიხილა.
მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განახლების აუცილებლობა განაპირობა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილმა ვალდებულებებმა, აგრეთვე, დარგის განვითარების მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თავსებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებთან (WFME), თუინინგის სახელმძღვანელოსთან (A TUNING Guide to Designing and Delivering an Outcomes-Based Undergraduate Medical Curriculum) და სხვა მნიშვნელოვან რეგულაციებთან შესაბამისად შემუშავება-განხორციელებისა და სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების საჭიროებამ.
საბჭოს წევრებმა, აგრეთვე სხდომაზე დამსწრე დაინტერესებულმა მხარეებმა, დადებითი შეფასება მისცეს დარგობრივი მახასიათებლის წარმოდგენილი პროექტის სამუშაო ვარიანტს, დაადასტურეს მისი მაღალი ხარისხი და შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან.
საბჭომ პროექტის სამუშაო ჯგუფს სარეკომენდაციო წინადადებები შეთავაზა და ერთხმად დაუჭირა მხარი მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის წარმოდგენილ პროექტზე მუშაობის გაგრძელებას. პროექტის სამუშაო ვერსია განსახილველად გადაეგზავნა საერთაშორისო ექსპერტს, მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის მრჩეველს, თიუფიქ ნავარს, რომელიც უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და სარეკომენდაციო წინადადებებს სამუშაო შეხვედრის ფორმატში გააცნობს მედიცინის მიმართულების დარგობრივ საბჭოს წარმომადგენლებს.