FAQ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაფრთხილება აბიტურიენტებს

15 აგვისტო 2017


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს თხოვნით, სწავლის გაგრძელებამდე, დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.

ინტერნეტსივრცეში, ბოლო დროს, აბიტურიენტებს სულ უფრო და უფრო მეტად სთავაზობენ გამოცდების გარეშე სხვადასხვა სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, საიდანაც, თითქოს, პირველივე სემესტრშია შესაძლებელი სტუდენტმა სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს. მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა - ავტორიზაცია.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.

ავტორიზაციას არ ექვემდებარება: ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:

ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი; ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი; ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით; 

ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.

ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე დასჯადია.