გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ხელმოწერილ საგრანტო პროექტში - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია.
პილოტირების პროცესი ივლისში დაიწყო და მასში სამი პროფესიული სასწავლებელია ჩართული. პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში არსებული საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრას.
პროექტის ფარგლებში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა კომპონენტის ფარგლებში გაწეული სამუშაოებისა და შემუშავებული მოდულების განხილვა, ასევე, მონიტორინგის პირველადი შედეგებსა და რეკომენდაციებზე მსჯელობა.
შეხვედრაზე წარმოადგინეს მოდულების და მასწავლებლის გზამკვლევების პრეზენტაციები. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს სწავლებისა და შეფასების რეკომენდებული მიდგომები. მასწავლებლებმა მოდულების ავტორებისგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.