FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების საჯარო განხილვა იწყება

7 სექტემბერი 2017

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვებს დაინტერესებულ მხარეებთან.
სტანდარტების განახლება წარმოადგენს მთავრობის 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის (2016-2020წწ.), პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2013-2020წწ) და სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიის (2016-2020 წწ.) შემადგენელ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ორიენტირს, რომელიც მიმართულია ინტერნაციონალიზაციის პროცესის აქტიური მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების შემდგომი განვითარებისაკენ.
ამასთან, ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობის შესრულებას, რომელიც უკავშირდება საქართველოს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის დამოწმების ერთიან ევროპულ ჩარჩოსთან დაახლოებას.