FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელი შეფასების პროცესი გრძელდება

27 ნოემბერი 2017


28-29 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტები, ხოსე მა დე დიოს მარსერი და ანე კლიბე - პელისიე ესტუმრებიან.

ხოსე მა დე დიოს მარსერი სამართლის პროფესორია ალაბამას უნივერსიტეტში. ის ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამას ბარსელონას უნივერსიტეტში. 2008-2013 წლებში ხელმძღვანელობდა სამართლის სკოლას ალაბამას უნივერსიტეტში (ბერმინგემი). წაკითხული აქვს სემინარები კერძო საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც ბაკალავრიატის და მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის საფეხურებზე. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტს ბარსელონას უნივერსიტეტში. აგრეთვე, ხოსემა დე დიოს მარსერი არის სამართლის ფაკულტეტების ევროპული გაერთიანების პრეზიდენტი.

ანე კლიბე - პელისიე სამართლის სრული პროფესორია. ის იკავებდა სამართლის ფაკულტეტების ევროპული გაერთიანების პრეზიდენტის თანანმდებობას. კითხულობდა ლექციებს ევროპის 7-ზე მეტი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში. 2009-13 წლებში, ვიცე რექტორის თანანმდებობას იკავებდა სტრასბურგის უნივერსიტეტში. ასევე, იყო ევროპული გაერთიანების პრეზიდენტი და რობერტ შუმანის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი. არის საერთაშორისო საჯარო სამართლის ფრანგული საზოგადოების წევრი. ანე კლიბე - პელისიე ასევე საფრანგეთის სამართლის ეროვნული საბჭოს წევრია.

საერთაშორისო ექსპერტები პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განმავითარებელ შეფასებას განახორციელებენ. აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში მოხდება აკრედიტაციის ახალი სტანდარტების პილოტირება. აგრეთვე, ექსპერტები მოამზადებენ რეკომენდაციებს სამართლის დარგობრივი მახასიათებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.