FAQ

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გეგმიური საავტორიზაციო პროცესი მიმდინარეობს

8 ივნისი 2018


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმიურ საავტორიზაციო პროცესი ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ხორციელდება. შეფასების პროცესს ხემძღვანელობენ სპეციალურად მოწვეული მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტები. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, შემფასებელთა ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი ექსპერტები, სტუდენტები და დამსაქმებლები. შეფასების ჯგუფებს ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და პროცესებზე დაკვირვების მიზნით ესწრება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.
გეგმიური საავტორიზაციო პროცესი ხორციელდება იმ 26 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთაც მიმდინარე წელს წარმოადგინეს საავტორიზაციო განაცხადები და 2018წლის ბოლომდე ეწურებათ ავტორიზაციის ვადა.
საავტორიზაციო ვიზიტები სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
ახლახანს დასრულდა ვიზიტები პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისის თავისუფალიუნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისადა კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტთა დასკვნებზე მუშაობა.
შეფასების შედეგებზე გადაწყვეტილების მიმღები საბჭო იმსჯელებს ძირითადად აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. ახალი რეგულაციების თანახმად შემფასებელთა დასკვნები იქნება საჯარო და გამოქვეყნდება განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გეგმიური საავტორიზაციო პროცესი მიმდინარეობს