განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობა ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან (EFQM) განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ცენტრის მიზანია, გახდეს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის ოფიციალური პარტნიორი ორგანიზაცია და წარმომადგენელი საქართველოში. ამ ეტაპზე ხარისხის მართვის ევროპული ფონდში მიმდინარეობს EFQM-ის მოთხოვნების შესაბამისად ცენტრის მიერ მომზადებული პარტნიორობის დოკუმენტისა და განაცხადის განხილვა.
ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან თანამშრომლობა ცენტრის ორგანიზაციულ მოწყობასა და ხარისხის მართვის მექანიზმების მუდმივ განვითარებას უზრუნველყოფს. საშუალებას მისცემს ცენტრს, დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს, დანერგონ სრულყოფილების (Excellence) მოდელი თავიანთ ორგანიზაციაში და გააუმჯობესონ მენეჯმენტი.
„წარმატებული ორგანიზაციები აღწევენ და ინარჩუნებენ სამუშაოს შესრულების ისეთ მაღალ მაჩვენებლებს, რომლებიც შეესაბამება ან აღემატება ყველა დაინტერესებული მხარის მოლოდინს,“ - ასე ახასიათებს ხარისხის მართვის ევროპული ფონდი წარმატებულ ორგანიზაციას. 2016 წელს ცენტრმა EFQM მოდელის პირველი დონის თვითშეფასებისა და განვითარების პროექტების წარმატებით დანერგვის შედეგად მოიპოვა EFQM-ის აღიარება (Committed to Excellence).
ამ ეტაპზე ცენტრი აგრძელებს თვითშეფასების შედეგად შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელებას სრულყოფილების უფრო მეტი ხარისხის მისაღწევად და EFQM-ის შემდეგი დონის (Recognized for Excellence) აღიარების მოსაპოვებლად.
ცენტრის სწრაფვა სრულყოფილებისკენ სარგებელს მოუტანს დაინტერესებულ პირებს, პარტნიორებსა და თავად ცენტრის თანამშრომლებს.
EFQM მოდელს წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ინდუსტიაში ჩართული კომპანიები. მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი, ჩეხეთი, გერმანია, ავსტრია); აგრეთვე ცნობილი მსოფლიო ბრენდები, როგორიც არის - BMW, BOSCH, PHILIPS, COCA-COLA.