ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს. უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება (ასევე, დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონება), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა.
იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა.
უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაბამისად, შეძლებენ ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებას.