საქართველოს ტექნიკური და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლიდან, ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ახალი დარგი - სამოქალაქო ინჟინერია დაამატა, რაც სამომავლოდ შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ასევე, მიეცემათ საშუალება აღნიშნულ დარგში განახორციელონ საერთაშორისო დონეზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები.
სამოქალაქო ინჟინერია შეისწავლის დიდი ზომის შენობა - ნაგებობებისა და სტრუქტურების, მათ შორის სატრანსპორტო სისტემების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების, პორტების, აეროდრომების და ა.შ. დაგეგმვას, პროექტირებას, ტესტირებასა და მშენებლობის ხელმძღვანელობას. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტები სწორედ ამგვარ მაშტაბურ სამშებლო ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს და მათი წარმატებით განხორციელება მეტწილად დამოკიდებულია კვალიფიციურ ადამიანურ რესურსზე, რომელთა მომზადება წარმოუდგენელია ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.
2015 წლიდან საქართველოს ტექნიკურ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში წარმატებით ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც მიღებული აქვს ამერიკის „ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს“ (ABET) აკრედიტაცია. პროგრამა სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორების დახმარებით ხორციელდება და ფოკუსირდება ზუსტ მეცნიერებებზე, მათემატიკასა და ინჟინერიაზე. პროგრამა მოიცავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რადგან სამოქალაქო ინჟინერიის კურსდამთავრებულებმა უნდა შეძლონ საკუთარი გადაწყვეტილებების სოციალური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინება. პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს.
ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადგილობრივი რესურსებით, საქართველოს დასაქმების ბაზარზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და მეტი კვალიფიციური კადრის მომზადება. ამ მიმართულებით, სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამის განხორციელებისას მიღებული გამოცდილების საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაწყებული აქვთ სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესი, რომლებიც მომავალში გაივლიან ამერიკის „ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს“ (ABET) აკრედიტაციას.