FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება

27 აგვისტო 2018
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ეხმიანება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით,  აცხადებს შემდეგს:
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიესალმება პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს, კერძოდ, სახელმწიფოს მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ.
იმავდროულად ცენტრი ადასტურებს, რომ  2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების და ერთი წლის ვადით სტუდენტთა მიღების შეზღუდვის შესახებ, შესაბამისმა საბჭომ მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვის პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რევიზია კანონითვე დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები.