განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ ქალაქ რუსთავში „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების“ წარჩინებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა. ცენტრის დირექტორი მსმენელებს პროგრამის მიმდინარეობაზე გაესაუბრა და დაინტერესდა, რამდენად კმაყოფილები იყვნენ ისინი მიღებული ცოდნით. ელენე ჯიბლაძემ იმედი გამოთქვა, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მათ დასაქმებაში გამოადგებათ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდა.
„პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების“ პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2012 წლის შემოდგომაზე (15 სექტემბერი - 15 ნოემბერი) განახორციელა. პროგრამა მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესებას.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 20 ქალაქში პროფესიულ ორიენტაციაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და ინგლისურ ენაში უფასოდ გადამზადდა 13 000-ზე მეტი მსურველი. სპეციალურად ამ პროგრამისთვის წინასწარ შეიქმნა სახელმძღვანელოები. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველა საჭირო სასწავლო მასალით.
ტრენინგების შემდეგ მონაწილეებმა სასერტიფიკაციო გამოცდები გაიარეს. სერტიფიკატი მიიღო ყველამ, ვინც პროგრამის ფარგლებში დადგენილი ქულობრივი ბარიერის გადალახვა შეძლო, ხოლო წარმატებულ მსმენელებს წარჩინების სერტიფიკატები გადაეცათ.
„პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული გადამზადების ტრენინგების“ პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატების მიღება მსმენელებს შეუძლიათ იმ ქალაქების რესურსცენტრებში, სადაც ტრენინგები გაიარეს.