პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციის ახალი სტანდარტებით შეფასდებიან

28 სექტემბერი 2018


27 და 28 სექტემბერს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კერძო და საჯარო დაწესებულებებთან ავტორიზაციის ახალი სტანდარტების და პროცედურების პროექტი განიხილა.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომლის ძალაში შესვლასთან ერთად პროფესიული განათლების სისტემა ახალ სტანდარტებზე გადავა.
ახალი სტანდარტები მთლიანად შეესაბამება ევროპის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს და ის პროფესიული განათლების საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა. ახალი სტანდარტები ითვალისწინებს მოდულური და დუალური სწავლების სპეციფიკას და ხელს შეუწყობს დაწესებულებებში ხარისხის კულტურის შემდგომ განვითარებას.
ჩვენ უმეტეს ნაწილში მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ახალი სტანდარტების მოთხოვნები, რადგანაც მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში ექსპერტთა დახმარებით მნიშვნელოვანი სამუშაოები გავწიეთ გასული ორი წლის განმავლობაში. ეს სტანდარტები არ გვაყენებს რაიმე მოულოდნელობის წინაშე - აღნიშნეს შეხვედრაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვან აქტივობებს გეგმავს მიმდინარე და მომავალ წელსაც, რათა დაწესებულებები სრულად მოვიდნენ შესაბამისობაში ახალ სტანდარტებთან.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციის ახალი სტანდარტებით შეფასდებიან