FAQ

შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

1 ნოემბერი 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პირველი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოა ევროპაში, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისაგან (WFME) აღიარებულ იქნა 2018 წელს .
1 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გაიმართა შეხვედრა მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარების მოსაპოვებლად და იმსჯელეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც მომავალში ექნება როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
2017 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღიარების მოპოვების მიზნით დაიწყო მოლაპარაკება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME). 2018 წელს ცენტრმა გაიარა WFME-ის საერთაშორისო ექსპერტთა შეფასება, რომლებმაც დაადასტურეს რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და პროცედურები შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ მოთხოვნებთან.

ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან აღიარების მოპოვება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებული სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, სწავლის გაგრძელებასა და დასაქმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ.

შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან