პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, 19 აპრილს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომელზეც იმსჯელეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს შესაძლო შემადგენლობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს შემადგენლობაში შევა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორი წარმომადგენელი, აქედან ერთი კერძო და ერთი სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლიდან.
იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესები და უზრუნველვყოთ საბჭოს წარმომადგენლობითობა, გთავაზობთ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ პროცედურას:
2013 წლის 17 მაისის ჩათვლით, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, info@eqe.ge-ზე უნდა წარმოადგინოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ერთი წევრის კანდიდატურა კერძო და ერთი წევრის - სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ქვოტით.
გთხოვთ, კანდიდატურის წარმოდგენის დროს გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• საზოგადოებაში დადებითი რეპუტაცია;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
17 მაისის შემდეგ, წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის საბჭოს წევრთა შერჩევა მოხდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, კენჭისყრით. დაწესებულებას არ ექნება თავისსავე წარმოდგენილი კანდიდატურისთვის ხმის მიცემის უფლება. უზრუნველყოფილი იქნება არჩევანის კონფიდენციალურობა.
ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრის კანდიდატურების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ დამატებით გაცნობებთ კენჭისყრის პროცედურების შესახებ.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!