FAQ

მნიშვნელოვანი ეტაპი ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაციის გზაზე!

5 დეკემბერი 2018

3 და 4 დეკემბერს,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველომ ახალი ფორმატით შექმნილ, ხარისხის უზრუნველყოფის ბოლონიის ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლა. სადაც განხილულ იქნა ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებები, ბოლონიის პროცესის განხორციელების 2018 წლის ანგარიში და ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ასოციაციის (ENQA), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR), ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG), ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) და 28 ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ბოლონიის ჯგუფმა გამართა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით და ეს შეხვედრა სწორედ საქართველოში გაიმართა. აღნიშნულ პროცესში ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იყო, როგორც თანათავმჯდომარე ქვეყანა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის- გიორგი ვაშაკიძის სახით.
სამუშაო ფორმატში ჩართულები იყვნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე- ირინა აბულაძე და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე- მარიამ ჯაში.
ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებების ეტაპობრივად და მიზანმიმართულად შესრულება კიდევ მეტად დააახლოებს საქართველოს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცესთან, რაც საშუალებას მისცემს მომავალ თაობას მიიღოს ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ხარისხიანი განათლება.

მნიშვნელოვანი ეტაპი ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაციის გზაზე!