24 დეკემბერს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესში მხარეთა პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარება.
„ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სოციალური პარტნიორობის მნიშვნელოვან დამსაქმებლის მხარეს წარმოადგენს. დამსაქმებლის როლი და ჩართულობა მნიშვნელოვანია განათლების, მათ შორის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში. ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ ცალსახად ადგენს პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში დამსაქმებლის როლს და მნიშვნელობას“- აღნიშნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.