უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურა
შეგახსენებთ, რომ დასრულდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს დასაკომპლექტებლად კანდიტურების წარმოდგენის ვადა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოხდა წარმოდგენილ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის პირველადი დამუშავება: დადგინდა წარმოდგენილი კანდიდატების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ამჯერად, უნდა მოხდეს თქვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებისაგან საბჭოს წევრთა არჩევა. ამისათვის გთავაზობთ ხმის მიცემის წესს.
კენჭისყრის პროცედურა:
1. ყველა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობაში ასარჩევად უფლება აქვს ხმა მისცეს ორ კანდიდატს: ერთს კერძო და ერთს - სახელმწიფო უსდ-ს მიერ წარმოდგენილს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში ასარჩევად უფლება აქვს ხმა მისცეს სამ კანდიდატს: ერთს კერძო და ერთს - სახელმწიფო უსდ-ს მიერ წარმოდგენილს; ერთს კი, ადმინისტრაციის წარმომადგენლის ქვოტით.
შესაბამისად, ყველა უსდ-ს აქვს არაუმეტეს ხუთი ხმისა. დაწესებულება უფლებამოსილია გამოიყენოს ხმათა ნაკლები რაოდენობა;
2. დაწესებულებას შეუძლია ხმა მისცეს ნებისმიერ კანდიდატს, გარდა მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატისა;
3. თქვენი არჩევანი დააფიქსირეთ თანდართულ ცხრილში და გამოგზავნეთ info@eqe.ge - ზე, 20 მაისის ჩათვლით;
4. კენჭისყრა კონფიდენციალურია - ცენტრი არ გაამჟღავნებს ინფორმაციას დაწესებულების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ;
5. არაუგვიანეს 22 მაისისა ცენტრი გამოაქვეყნებს კენჭისყრის შედეგებს მონაწილე კანდიდატთა მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობის მითითებით;
6. თუ გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა დააგროვა კანდიდატმა, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხელეს ან საქმიანობას ეწევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას, იგი ვალდებულია 23 მაისის ჩათვლით ცენტრში წარმოადგინოს შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის მიცემული ხმები არ იქნება გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას და გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენისას;
თითოეულ ვაკანსიაზე გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმათა მეტ რაოდენობას. ხმათა თანაბრობის შემთხვევაში გამარჯვებულს გამოავლენს ცენტრი.
კენჭისყრაში მონაწილე კანდიდატთა სია
ფორმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შერჩეული კანდიდატების წარმოსადგენად
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!