განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2-დღიანი სამუშაო ვიზიტით საინფორმაციო ქსელის ENIC-NARIC-ის დიდი ბრიტანეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები ეწვივნენ.
16-17 მაისს გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა 2012 წელს დიდ ბრიტანეთში დაწყებული პროექტის - „ENIC-ის შესაძლებლობების განვითარება“ - მიმდინარეობა შეაჯამეს. შეხვედრები დიდი ბრიტანეთის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც მიმდინარეობდა.
პროექტი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დოკუმენტების აკადემიური აღიარებისა და შეფასების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას და მის დახვეწას, საერთაშორისო საგანმანათლებლო დოკუმენტების შეფასებისას სწავლის შედეგებზე მეტი აქცენტის გაკეთებას და განათლების სისტემებისა და კვალიფიკაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.
შეხვედრებზე ხარისხის განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა სტუმრებს გააცნეს ქართული საგანმანათლებლო სფეროს მახასიათებლები, ცენტრის სტრუქტურა, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, განათლების აღიარების წესი, რეესტრის წარმოების, ნამდვილობისა და აპოსტილის წესები, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მექანიზმები.
სტუმრებმა ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის NARIC-ის მუშაობის პროცესებზე და წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მოდელები. მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს საგანამანათლებლო დოკუმენტებისა და კვალიფიკაციების თაობაზე თავიანთი ქვეყნების სამუშაო პრაქტიკა გაუზიარეს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე გამოვლენილი საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის ორგანიზატორი ბრიტანეთის NARIC-ი გამოსცემს სახელმძღვანელოს, რომელიც პროექტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებს განათლების აღიარების სფეროში მუშაობას გაუადვილებს.
„ENIC-ის შესაძლებლობების განვითარება“ ამ შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა. მონაწილე მხარეებმა მსგავსი პროექტების სხვა ქვეყნებთან ერთად განხორციელების სურვილი გამოთქვეს.