2018 წლის განმავლობაში 27 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეფასდა ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებითა და პროცედურებით, საიდანაც 24 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 6 წლის ვადით მიენიჭა ავტორიზაცია.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელის ადმინისტრირებასაც ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ავტორიზაცია არის ინსტიტუციონალური შეფასება, რომელიც განსაზღვრავს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან. შეფასების პროცესი ხორციელდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის ანალიზს და ასევე ექსპერტთა ვიზიტის დროს მოპოვებულ ინფორმაციას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, ექსპერტთა დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციისა და საბჭოს სხდომაზე გამოვლენილი გარემოებების შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე საბჭო უფლებამოსილია არ გაიზიაროს ექსპერტთა ჯგუფის შეფასება და შეცვალოს იგი. მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები, ავტორიზაცია და აკრედიტაცია, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არ არის მიმართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგის შესადგენად. შესაბამისად, ავტორიზაციის შინაარსის და მისი შედეგების მიზანს არ წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირობების ერთმანეთთან დადარება. ავტორიზაციის ფარგლებში თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფასდება მის მისიასთან, მიზნებთან, ამოცანებთან და სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობებთან მიმართებით.
წარმოგიდგენთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შეფასებას იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ, რომლებმაც 2018 წლის განმავლობაში მიენიჭათ ავტორიზაცია.