სიახლე საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში

21 თებერვალი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას დაინტერესებული მხარეებისთვის, სადაც განხილულ იქნა მე-5 საფეხურის კვალიფიკაციის მოდელი და სტრუქტურა.

✔️ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

✔️ მე-5 საფეხურის კვალიფიკაციები საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მიღწევა შესაძლებელია ორწლიანი ასოცირებული ხარისხის ან უმაღლესი პროფესიული პროგრამების დაუფლების შედეგად. სტუდენტებს შეეძლებათ გააგრძელონ სწავლა საბაკალავრო პროგრამაზე ან გავიდნენ სამუშაო ბაზარზე, სადაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა არსებობს ასეთ კვალიფიკაციებზე, რაც ევროპაში, ამ საფეხურზე მოთხოვნადი უნარების შესაბამისია.

✔️ სამუშაო შეხვედრა გაიმართა GGF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მიზანია სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა ასოცირებული ხარისხის და უმაღლესი პროფესიული პროგრამების ახალი მოდელის და სისტემური კომპონენეტების შემუშავებაში, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად.

✔️ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შემდგარმა GGF-ის ტექნიკური დახმარების გუნდმა, მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით, შეიმუშავა სპეციფიკური მოდელი და სტრუქტურა მე-5 საფეხურის ცალკე მდგომი კვალიფიკაციებისთვის, რომელიც თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ საჭიროებებთან.

✔️ ასოცირებული ხარისხის პროგრამები მოამზადებს პროფესიონალ კადრებს სამუშაო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის, როგორებიცაა ექთანი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ბუღალტერი, თვითმფრინავის ტექნიკოსი და ა.შ. პროგრამაზე მოპოვებული კრედიტების გადატანა თავისუფლად იქნება შესაძლებელი საბაკალავრო პროგრამებზე.

სიახლე საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში