12 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართულ კონფერენციაში -,,ევროპულ-ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები'', რომელზეც ისაუბრა უსაფრთხოების და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე, კვლევებისა და სამეცნიერო დისკუსიის გაძლიერების აუცილებლობაზე.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო ნაშრომები: ,,ძირითდი გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე’’, ,,ქართული იდენტობის ფორმირების პროცესი და ევროპის ნორმატიული ძალა’’ , ,,სამხრეთ კავკასიის ქვეყნების განსხვავებული ორიენტაცია’’ და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში გამოიცა სამეცნიერო ნაშრომთა კრებული. მსგავსი სახის კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.