21 მარტს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია) და იმსჯელეს სხვადასხვა ქვეყნების (აშშ, კანადა, ბრიტანეთი და სხვ.) წამყვანი უნივერსიტეტებისა და სკოლების გამოცდილებაზე, რის შემდგომაც შეჯერებული მოსაზრებები გამოთქვეს ჯანდაცვის მიმართულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის წინაპირობებისა და მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების განსაზღვრის თაობაზე.
დარგობრივი საბჭო დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ რეკომენდებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
სხდომის მუშაობაში, საბჭოს წევრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.