FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი გახდა

25 აპრილი 2019


უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ საბჭოს შეხვედრაზე მიიღო.
გიორგი ვაშაკიძე : „დღეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭომ განიხილა ჩვენი განაცხადი და მიიღო გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ENQA-ს წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის უდიდესი მიღწევა უმაღლესი განათლების სისტემისთვის - ერთგვარი აღიარება იმისა, რომ დღეს საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ეს აღიარება კონკრეტულ შედეგებშიც აისახება, კერძოდ ცენტრის წევრობა ENQA-ში ნიშნავს საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი ნდობის გაზრდას.“
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი გახდა