FAQ

Worldskills Georgia-ს გამარჯვებული გუნდი პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება

26 ივნისი 2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროექტ Worldskills Georgia-ს ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით „მე მიყვარს ჩემი პროფესია“.


პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში გამგზავრების წინ Worldskills Georgia-ს გამარჯვებული გუნდის წევრებმა შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია გერმანიის ქალაქ ლაიპციგში მიმდინარე წლის  2-7 ივლისს დაგეგმილი კონკურსის შესახებ, ქართული გუნდის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობაზე და მაღალი რანგის საერთაშორისო კონკურსში პირველად მონაწილე ქართულ გუნდს წარმატებები უსურვა.


ღონისძიებაზე ასევე მოეწყო საქართველოს 19 პროფესიული სასწავლებლის პროდუქციის გამოფენა. ექსპოზიციაზე მაქსიმალურად იყო წარმოდგენილი ის პროდუქცია, რომლის შექმნასა და მომზადებასაც ეუფლებიან სტუდენტები სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში.


ღონისძიებას ესწრებოდნენ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ელენე ჯიბლაძე, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის  წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები.

Worldskills Georgia-ს გამარჯვებული გუნდი პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება