FAQ

ერთი დღე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

17 მაისი 2019

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი და ცენტრის თანამშრომლები, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ.
ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ,,უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები“ და აღნიშნა, რომ ცენტრის ყველა მიღწევა და სამომავლო გეგმები ემსახურება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრაციას ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსმა, ნინო ბერელიძემ, აკადემიის წარმომადგენლებს გააცნო განახლებული ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩო, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მთავარი პრინციპები და დანერგვის ეტაპები.
ცენტრის თანამშრომლებმა აკადემიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობის, მათ შორის - აკადემიაში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, სამხედრო მიმართულებებისა და სასწავლო პროცესის სპეციფიკის შესახებ.
შეხვედრის ბოლოს ცენტრის თანამშრომლებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ და მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ და სამხედრო აქტივობებში. შეხვედრა დასრულდა კონცერტით, რომელშიც აკადემიის იუნკერთა ბენდი მონაწილეობდა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, გააგრძელებს შეხვედრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან.

ერთი დღე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში