FAQ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE-ს) რეგიონული ცენტრი გაიხსნა

28 მაისი 2019

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE-ს) რეგიონული წარმომადგენლობა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე და დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი. ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცერექტორები, დეკანები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები და ტრენინგის მონაწილეები.
საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანია სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
პირველი სასწავლო კურსი ეხება ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარებას სამედიცინო განათლებაში. ტრენინგს უძღვება AMEE-ს დირექტორატის წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) კონსულტანტი სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი. ტრენინგს დაესწრნენ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე - მედიცინის დარგის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოს ის ძირითადი წევრები, რომლებიც მედიცინის დარგს წარმოადგენენ და ასევე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი. მნიშვნელოვანია, რომ AMEE-ს ოთხი კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული AMEE-ს სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE-ს) რეგიონული ცენტრი გაიხსნა