FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ციკლი განახლდა

1 აგვისტო 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროვაიდერების მხარდაჭერას ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემების განვითარებაში. ამ მიზნით მიმდინარე წლის 29-31 ივლისს, კოლეჯ „იკაროსში“ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა პირველ ჯგუფს ჩაუტარდა ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების და შემდგომი განვითარების საკითხებში.

მსგავსი ტრენინგები თბილისსა და ბათუმში კიდევ ორჯერ ჩატარდება და პრაქტიკულად პროფესიული განათლების განმახორცილებელ ყველა დაწესებულებას მოიცავს.

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს ახალი კანონის საფუძველზე, მიმდინარე წელს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები შევა ძალაში, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს როგორც პროფესიული განათლების მიმწოდებლებს, ასევე მთლიან სისტემას.

ცენტრი სისტემატურად გამართავს ტრენინგების ციკლს, ასევე სხვადასხვა მიდგომების პილოტირების, დაწესებულებებში მხარდაჭერის ექსპერტების მივლინების, ადგილზე კონსულტაციების და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების გზით კვლავაც გააგრძელებს პროვაიდერების მხარდაჭერას. მიმდინარე წლის მთავარი პრიორიტეტები შიდა ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის დანერგვის, დაწესებულებების თვითშეფასების, სტუდენტების შეფასების ვერიფიკაციის, ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების საკითხები იქნება.