FAQ

დუალური მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსი

18 ოქტომბერი 2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „დუალური მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსი.“ შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე.
ღონისძიების ფარგლებში ცენტრის კონსულტანტმა, ჯერალდ ტიელმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო დუალური პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება მისცა, გასცნობოდნენ პროფესიული განათლების გერმანულ პრაქტიკას.
სამუშაო შეხვედრის დროს განიხილეს დუალური პროფესიული განათლების რეფორმისთვის საჭირო შემდგომი რელევანტური საკითხები: დუალურ პროფესიულ განათლებაში სტუდენტის სტატუსი, კერძო სექტორის ჩართულობა, პროფესიული სტუდენტის ანაზღაურების მექანიზმები, სტუდენტებისა და კომპანიებისთვის საკანონმდებლო გარანტიები.
შეხვედრაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, ხაზი გაუსვა კერძო სექტორისთვის გამარტივებული პროცედურებისა და წამახალისებელი მექანიზმების შექმნას, რათა აქტიურად მოხდეს მათი ჩართვა ზემოთ აღნიშნული რეფორმის განხორცილების პროცესში.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და დაინტერესებული მხარეები დადებითად აფასებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის აქტიურ ჩართულობას, ასევე - ღია დიალოგისა და სამუშაო შეხვედრების ფორმატს კერძო სექტორთან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მომავალშიც გაგრძელდეს პროფესიული განათლების რეფორმის პროცესების მხარდაჭერა.

დუალური მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსი