FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდამჭერი ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ოფიციალური გახსნა

30 ოქტომბერი 2019

21-თვიანი პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 120-ზე მეტი მისია გერმანელი და ესტონელი ექსპერტების მონაწილეობით, მიზნად ისახავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პოლიტიკისა და სახელმძღვანელოების ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან

სამშაბათს, 2019 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე თანამედროვე და ცნობილმა საჯარო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ - გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა უმასპინძლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ გახსნის ცერემონიას, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის მაღალი დონის პროგრამის - შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული უნარების განვითარება - Skills4Jobs ოფიციალური გახსნის ფარგლებში. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა, საქართველოს პრემიერმინისტრმა და ევროპის განათლების ფონდის დირექტორმა. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და საქართველოს შრომის ბაზრის საჭიროებებზე უნარების მორგების პერსპექტივები.

დაძმობილების პროექტის ესტონური პარტნიორის სახელით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებისა და საბოლოო შედეგების მდგრადობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ პროექტის ესტონელმა ლიდერმა - ქნ-მა ჰელი მატისენმა ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა ცენტრის მიღწევებს ევროპული პლატფორმების ფარგლებში. „მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ბოლოდროინდელი წინსვლა განათლების სფეროში. წარმატების ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია დავასახელო ის ფაქტი, რომ ცენტრი უკვე ევროპული სააგენტოების ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დაძმობილების პროექტი ხელს შეუწყობს შემდგომი განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას“ - განაცხადა ქნ-მა მატისენმა.

2019 წლის ივლისში დაწყებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელის სიცოცხლის განმავლობაში სწავლის“ (LLL) პრინციპზე დაყრდნობით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით. 21-თვიანი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ევროპელი ექსპერტების 120-ზე მეტი მისიის განხორციელება, რაც 600 სამუშაო დღეს შეადგენს და ემსახურება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერას განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი/რეფორმირებული სისტემის დანერგვასა და მონიტორინგში ინსტიტუციური შესაძლებლობების, ეფექტური ინსტრუმენტებისა და პროცედურების, თანამონაწილეობითი მართვისა და დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით.

დაძმობილების პროექტი 3 კომპონენტისაგან შედგება.
1) პირველი კომპონენტის მიზანია „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაძლიერება;
2) მეორე კომპონენტი ითვალისწინებს ახალი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანერგვაში მხარდაჭერას;
3) მესამე კომპონენტი ემსახურება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შედეგების მართვის, მონიტორინგისა და გავრცელების მოდელის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ევროპელი ექსპერტები, ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს (EQF) დანერგვის საუკეთესო მარეგულირებელი პრაქტიკისა და საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოამზადებენ სახელმძღვანელოების პროექტებს პრაქტიკულ წინადადებებთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის მიერ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) რეკომენდაციების შესრულებას ორგანიზაციის სრული წევრობისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

2019 წლის აპრილში ცენტრი გაწევრიანდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციასა (ENQA) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის რეესტრში (EQAR). დაძმობილების პროექტი წარმოადგენს საქართველოსა და ბენეფიციარი უწყების - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წინ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესრულების გზაზე და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ოჯახის სრულუფლებიანი წევრობის მოსაპოვებლად.

ღონისძიებას დაესწრნენ როგორც ძირითადი დაინტერესებული მხარეები საქართველოს ხელისუფლებიდან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურიდან (DAAD), უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ესტონური სააგენტოდან (EKKA), საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, ევროპის განათლების ფონდიდან (ETF), ისე სტუდენტ-ახალგაზრდობა და სხვა დაინტერესებული მხარეები. მონაწილეთა სრულმა რაოდენობამ 150 პირი შეადგინა.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ესტონურ სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

დათქმა:
„დაძმობილების პროექტი“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ევროკავშირის ინსტიტუციური თანამშრომლობის ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორის ექსპერტულ ცოდნას თანასწორი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მეშვეობით კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/tenders/twinning_en  

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდამჭერი ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ოფიციალური გახსნა