FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანა

30 ოქტომბერი 2019


2019 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვის თაობაზე.


საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავებას საფუძვლად დაედო ევროპის დონეზე არსებული ორი ჩარჩო: ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის (2008/2017) და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩო (2005). ამ ჩარჩოების მეშვეობით ხდება სხვადასხვა ქვეყნის ჩარჩოებისა და კვალიფიკაციების დაკავშირება. მათ მეტა-ჩარჩოებს ანუ “ჩარჩოების ჩარჩოებსაც” უწოდებენ. კვალიფიკაციების მიმართ ნდობის ჩამოყალიბების მიზნით ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პირობაა კვალიფიკაციების ხარისხის უზრუნველყოფა. ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო აღიარებს “ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის”(ENQA) სტანდარტებს უმაღლესი განათლების სისტემის მიზნებისათვის და თავადაც განსაზღვრავს ხარისხის უზრუნველყოფის 10 ძირითად პრინციპს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი სხვა კვალიფიკაცია.


სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შემუშავებას საფუძვლად დაედო გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი (ISCED).


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული კვალიფიკაციების რვა დონიანი ჩარჩო აღწერს განათლების თითოეული ქვესისტემას ცოდნის, უნარებითა და ავტონომიურობა-პასუხისმგებლობას, ხოლო სწავლის სფეროების კლასიფიკატორი სამ საკითხზეა კონცენტრირებული:


• სწავლის სფეროების კლასიფიკაცია UNESCO-ს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად
• კვალიფიკაციის დასახელების ფორმულირება
• კლასიფიკატორის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება

უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, 2020 წლის 30 სექტემბრამდე, უნდა წარმოადგინონ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან შესაბამისი, მოდიფიცირებული პროგრამები. აღნიშნული პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით ცენტრი აკრედიტაციის, ავტორიზაციის ექსპერტებთან, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ახორციელებს სამუშაო შეხვედრებს.


განსახილველი საკითხებია ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს არსი, მიზანი და სტრუქტურა, სწავლის სფეროების კლასიფიკატორის საფუძველზე პროგრამებისა და კვალიფიკაციების დასახელებების ფორმირების შესაძლებლობები. დღეის მდგომარეობით განხორციელდა რვა სამუშაო შეხვედრა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტებთან, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო სფეროს წარმომადგენელ აკადემიურ პერსონალთან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, განათლების, ფილოლოგიისა და ბიზნესის ადმინისტრირების წარმომადგენელ აკადემიურ პერსონალთან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან.
აღნიშნული შეხვედრები გრძელდება ამა წლის 15 დეკემბრამდე

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანა