FAQ

სამუშაო შეხვედრა უკრაინაში

15 ნოემბერი 2019

 6-7 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლაშა მარგიშვილი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი განათლების რეფორმის (HERE), ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი ირინე დარჩია საქართველოსა და უკრაინის Erasmus+ ეროვნული ოფისების მხარდაჭერით სამუშაო ვიზიტით უკრაინის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში მოქმედ აკრედიტაციის საბჭოსთან, ასევე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (NAQA) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ქართულმა დელეგაციამ ბოლონიის პროცესისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა.

სამუშაო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა უკრაინელი კოლეგებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება, როგორც წარმატებული ქვეყნის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა და ქართველმა ექსპერტმა უკრაინის საგანმანათლებლო წრეებს გააცნეს უმაღლესი განათლებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროებში განხორციელებული ცვლილებები, საქართველოში უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს წარმატებები და მიღწევები, ასევე რეფორმის პროცესში არსებული პრობლემები და გამოწვევები.

ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის დამყარება.

სამუშაო შეხვედრა უკრაინაში