დაძმობილების პროექტის მე-3 კომპონენტის მისიის ფარგლებში, ცენტრში იმყოფებოდნენ გერმანიის აკადემიური სამსახურისა (DAAD) და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) ექსპერტები. მე-3 კომპონენტის მიზანია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შედეგების მართვის, მონიტორინგისა და გავრცელების მოდელის გაუმჯობესება.
მისიის განმავლობაში გერმანელმა და ესტონელმა ექსპერტებმა, ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელ ქართველ კოლეგებთან ერთად, მიმოიხილეს ცენტრში არსებული შიდა მონიტორინგის სისტემა და ცენტრის მონიტორინგისა და უკუკავშირის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავეს რეკომენდაციები. მონიტორინგის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს მართვის რაციონალურ მოდელს, რომელიც ემსახურება არსებული სამუშაო დატვირთვის შემცირებასა და სისტემის ეფექტურობისა და ქმედუნარიანობის ზრდას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი 2019 წლის ივლისში დაიწყო და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.
დაძმობილების პროექტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად ხორციელდება.