FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

5 დეკემბერი 2019


2017 წლის დასაწყისში განახლდა პროფესიული სტანდარტის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება-განვითარების მეთოდოლოგია და წესი, განისაზღვრა გარე ინიცირებით მუშაობის პრინციპები და პროცედურები. აღნიშნულის შედეგად დაიგეგმა სისტემაში არსებული სტანდარტების, ჩარჩო დოკუმენტების შესწავლა-ანალიზი-განვითარება და კვალიფიკაციების ფორმირება განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. განხორციელებული პროცესების შედეგად 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით შემუშავებული პროფესიული სტანდარტების, ჩარჩო დოკუმენტების შესწავლა-გადამუშავების საფუძველზე განისაზღვრა 59 ჩარჩო დოკუმენტი, რომლებშიც არსებული კვალიფიკაციები განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორთან შესაბამისია და ფორმულირებულია როგორც სწავლის სფეროები და არა როგორც დასაქმების პოზიცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპტიმიზირებული (განვითარებული) ჩარჩო დოკუმენტები მიმდინარე წელს განახლებული "პროფესიული განათლების შესახებ" და "განათლების ხარისხის განვითარების" კანონების მოთხოვნებთან შესაბამისია.

მიმდინარე პერიოდში ჩატარდა არაერთი შეხვედრა ცენტრის შიდა სტრუქტურულ ერთეულებსა და კოლეჯებს შორის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა ჩარჩო დოკუმენტების გაუქმების ვადები და დანერგვის შესაძლებლობები. შეხვედრებისას გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 11 დეკემბრის N1097/ი ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრიდან უქმდება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები:

1. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი
2. თექის ოსტატი
3. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი
4. სისტემების ადმინისტრატორი
5. საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი
6. ვებ ინტერფეისის დეველოპერი
7. ვებ ინტერფეისის დიზაინერი
8. ვებ პროგრამისტი
9. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი
10. ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი
11. კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი
12. თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე
13. არქიტექტორ-ტექნიკოსი
14. ზეინკალ-სანტექნიკოსი
15. ფილამწყობი
16. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
17. საკერავი მანქანის ოპერატორი
18. სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი
19. ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი
20. მეფუტკრე
21. ტუროპერატორი
22. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი
23. ბართენდერი
24. კონსულტანტ-გამყიდველი
25. თმის სტილისტი
26. ვიზაჟის სპეციალისტი
27. შემფასებელი
28. სარეკლამო აგენტი
29. მღებავი
30. სამგანზომილებიანი განათების და ვიზუალიზაციის სპეციალისტი
31. სამგანზომილებიანი მოდელირების და ტექსტურირების სპეციალისტი
32. სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი
33. ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსი
34. ტრიკოტაჟის მქსოველ-ოპერატორი
35. კონდიტერი
36. სადაზღვევო აგენტი
37. ტრაქტორისტ-მემანქანე
38. მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსი
39. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი.

საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ ზემოაღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, შესაძლებლობა აქვთ მილევად რეჟიმში სწავლა დაასრულებინონ ამ პროგრამებზე ჩარიცხულ პირებს.