FAQ

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!!!

26 დეკემბერი 2019

გაცნობებთ, რომ 2019 წლის 27 დეკემბერს, 15:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მართავს შეხვედრას თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანია, სტუდენტების ინფორმირება უნივერსიტეტის სტატუსთან და მათ მიერ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
კანონმდებლობის მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმიურ და არაგეგმიურ მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ხდება გადამოწმება, თუ რამდენად აგრძელებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უწყვეტ რეჟიმში ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, მონიტორინგის მიზანია, რომ სტუდენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იღებდნენ ხარისხიან განათლებას, დაწესებულებაში მიმდინარეობდეს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და რომ ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებდეს ხარისხის უზრუნველყოფის მინიმალურ სტანდარტებს.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის 2020 წლის 15 თებერვლიდან.
უნივერსიტეტისთვის ავტორიზაცია გაუქმების საფუძველი გახდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დაწესებულება ვერ აკმაყოფილებდა ავტორიზაციის სტანდარტით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.
უნივერსიტეტში მონიტორინგის პროცესი დაიწყო მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, რომლის ფარგლებშიც დაწესებულებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 19 აპრილის სხდომაზე ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა 60 დღიანი დამატებითი ვადა. აღნიშნულ ვადაში დაწესებულებამ ვერ შეძლო ხარვეზების სრულად გამოსწორება, რაც გახდა მისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი კანონით გათვალისწინებულ ვადებში გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
ავტორიზაციის საბჭოს 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულება, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის 2020 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც დაწესებულებაში დასრულდება მიმდინარე სასწავლო სემესტრი. შესაბამისად, 2020 წლის 15 თებერვლამდე სტუდენტები სწავლას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
ამის შემდგომ, 2020 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც უნივერსიტეტში დასრულდება მიმდინარე სასწავლო სემესტრი, შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიხსნება მობილობის რიგგარეშე ფანჯარა, რისი მეშვეობითაც სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სწავლა გააგრძელონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. რიგგარეშე მობილობის პროცესში, სტუდენტები გათავისუფლებული იქნებიან მობილობის საფასურისგან. ამ და ყველა სხვა მიმდინარე პროცედურასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მზადაა ხელი შეუწყოს სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვას.
მობილობის ვადები და მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი გამოქვეყნდება, როგორც სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, ასევე ცენტრის ვებგვერდზე.
აქვე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევხვდეთ ნებისმიერ დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს.