2013-2014 სასწავლო წლის საშემოდგომო მობილობის პროცესი დასრულდა. ერთი უმაღლესიდან მეორეში გადასვლის მსურველი სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) 12 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრირდებოდნენ.
მობილობაში მონაწილეობდა 52 დაწესებულება. რეგისტრაცია განახორციელა 5 156-მა სტუდენტმა. სულ წარმოდგენილი იყო 7 325 ვაკანტური ადგილი. მობილობის უფლება მოიპოვა 3 676 სტუდენტმა. ვაკანტური დარჩა 3 649 ადგილი.
წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მობილობის მსურველ სტუდენტებს კომფორტული სიახლე შესთავაზა - პორტალზე რეგისტრირებული სტუდენტები ეტაპობრივად იღებდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს რეგისტრაციის წარმატებით გავლის თუ კონკურსის შედეგების შესახებ. თითოეულმა სტუდენტმა სხვადასხვა შინაარსის 7 sms მიიღო.
ცენტრი მობილობის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეახსენებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ მიმღებ უმაღლესს, რათა დროულად გაარკვიონ დოკუმენტების წარდგენისა და დაგროვილი კრედიტების აღიარების შედეგების ვადების, ასევე სხვა პროცედურების დეტალები.
მომდევნო, საგაზაფხულო სემესტრის მობილობა 2014 წლის თებერვალში გამოცხადდება.