FAQ

შეხვედრა საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/კოლეჯების დირექტორებთან

7 თებერვალი 2020

5 და 6 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/კოლეჯების დირექტორებთან.

შეხვედრის მიზანს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის ძირითად პრიორიტეტად გამოიკვეთა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა. ამ პროცესის მხარდასაჭერად ცენტრი უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა ღონისძიების - ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას.

შეხვედრის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/კოლეჯების თვითშეფასების განხორციელების პროცესებსა და იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც ცენტრი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განახორციელებს კოლეჯებისთვის.

ამავდროულად, 2020 წლიდან იგეგმება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების ატესტაცია და პროფესიული განვითარება, რათა ხელი შეეწყოს მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა კორპუსის ჩამოყალიბებას.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საქართველოს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

 შეხვედრა საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/კოლეჯების დირექტორებთან