FAQ

შეხვედრა პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

12 თებერვალი 2020

11 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებიც ამჟამად პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებს ახორციელებენ.
შეხვედრის მიზანი იყო დაწესებულებებისთვის ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე წელს ცენტრის მიერ პროფესიული მომზადება-გადამზადების სისტემის დანერგვის ხელშემწყობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში ცენტრსა და პროგრამების პროვაიდერ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ცენტრისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის სერვისების განვითარების მნიშვნელობას და ცენტრის მზაობას მხარი დაუჭიროს თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების დანერგვაში.
მიმდინარე წელს ცენტრი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის პროვაიდერ ორგანიზაციებში მხარდაჭერის ვიზიტების განხორციელებას გეგმავს. მხარდაჭერის ღონისძიებებში აქტიურად იქნება ჩართული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ექსპერტთა კორპუსი. მხარდაჭერის ვიზიტები ემსახურება პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეფასებას დადგენილ სტანდარტებთან მიმართებაში და პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროგრამების პროვაიდერი ორგანიზაციებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. აღნიშნული ღონისძიებები დაგეგმილია ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების წერილით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში.

შეხვედრა პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან