FAQ

დაძმობილების პროექტის ანგარიში მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ

17 თებერვალი 2020

17 თებერვალს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (TWINING) „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ მუდმივმა უცხოელმა მრჩეველმა კაი ეტცოლდმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორსა და ხელმძღვანელობას წარუდგინა ანგარიში ბოლო ორ კვარტალში პროექტის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს მოლოდინებსა და ვადებზე, ასევე, მომავალ მისიებზე.

ქართული მხრიდან ცენტრის დირექტორმა, პროექტის ლიდერმა თამარ მახარაშვილმა დადებითად შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას
ENQA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან მიმართებით. თამარ მახარაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2019 წლის ივლისში და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

„ტვინინგი“/,,დაძმობილება“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/…/twinning_en 

დაძმობილების პროექტის ანგარიში მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ