9 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ერაძე და ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებს შეხვდნენ,რომელსაც თბილისის 63-ე საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
შეხვედრაზე კახაბერ ერაძემ ისაუბრა ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე, დაგეგმილ სიახლეებზე ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში და ექსპერტის განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესში.
ექსპერტებს მიეწოდათ ინფორმაცია ექსპერტთა კორპუსის დაგეგმილი ატესტაციის, მისი მიზნებისა და ეტაპების თაობაზე.
ცენტრის თანამშრომლებმა ექსპერტებს გააცნეს ავტორიზაციის პროცესში გამოყენებულ სამუშაო ფორმებში შეტანილი ცვლილებები და სხვა სიახლეები.
შეხვედრის დასასრულს, ექსპერტებს ადმინისტრაციული წარმოების, ასევე განათლების ხარისხის რეფორმის კონცეპტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცათ.