2020 წლის 25 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სააპელაციო საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა ონ-ლაინ რეჟიმში გამართა.
შეხვედრას უძღვებოდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ლაშა მარგიშვილი, რომელმაც ისაუბრა სააპელაციო საბჭოს როლსა და მათ ფუნქციებზე. მან ხაზი გასუვა აპელაციის საბჭოს მუშაობის მნიშვნელობას გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში გახსნილობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვაში. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აპელაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მექანიზმს, რომელიც უმაღლესი განათლების დაწესებულებებს საშუალებას აძლევს მოითხოვონ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებების არა მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი, არამედ შინაარსობრივი გადახედვაც.
სააპელაციო საბჭოს ახალი შემადგენლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კონკურსის საფუძველზე შეირჩა და საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით 2020 წლის 18 მარტს დამტკიცდა. სააპელაციო საბჭო ფუნქციურად დამოუკიდებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისგან. საბჭო 9 წევრისგან შედგება და მისი უფლებამოსილების ვადა 1 წელია.