განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ISPI-ს (ეფექტიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო საზოგადოება) მიერ ორგანიზებულ მე-11 ყოველწლიურ რეგიონულ კონფერენციაში თემაზე: „ეფექტიანობის გაუმჯობესება განვითარებად ბაზრებზე“, რომელიც კავკასიაში პირველად ჩატარდა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ISPI, USAID Georgia და Chemonics.
კონფერენციის მთავარი აქტივობა იყო წინასწარ შერჩეული კლიენტი ორგანიზაციისთვის აქტუალურ საკითხზე სიმულაციური საკონსულტაციო კაზუსის წარმოდგენა, მისი განხილვა და შესაძლო გადაწყვეტილებების შემუშავება.
წელს კლიენტ ორგანიზაციად ISPI-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აირჩია. სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი კონსულტანტებისგან დაკომპლექტებულმა რამდენიმე გუნდმა ცენტრის სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების დახვეწის საკითხებზე იმუშავა და ცენტრს თავისი ანალიზი, რეკომენდაციები და შესაძლო გადაწყვეტილებები წარმოუდგინა.
კონფერენცია სასტუმრო თბილისი მარიოტში ჩატარდა და მას, საერთაშორისო დელეგატების გარდა, ქართველი დელეგატებიც ესწრებოდნენ, რომლებიც არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორებს წარმოადგენდნენ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარმოადგენდნენ დირექტორის მოადგილე სალომე შელია, საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს ხელმძღვანელი ნინო მეგრელი და საინფორმაციო/მიმღები განყოფილების თანამშრომელი ეკა კორძაია.
კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა და ცენტრს გადაეცა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით მონაწილე საკონსულტაციო გუნდების მიერ შემუშავებული შეთავაზებები და ხედვები, რომლებსაც ცენტრი აუცილებლად გამოიყენებს თავის რეალურ, სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების გაუმჯობესების პროექტში.
ცენტრი მადლობას უცხადებს კონფერენციის ორგანიზატორებს ასეთ საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისათვის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ცენტრის საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და დახვეწისათვის.
ISPI-ს (International Society for Performance Improvement) შესახებ
ISPI 1962 წელს დაარსებული საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც ემსახურება ინდივიდუალური და ორგანიზაციული პროდუქტიულობის გაუმჯობესებასა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდას. მას 10 000-ზე მეტი წევრი ჰყავს მსოფლიოს 40 სხვადასხვა ქვეყანაში. მისი მისიაა გააუმჯობესოს ინდივიდებისა და ორგანიზაციების მუშაობის ეფექტურობა Human Performance Technology HPT-ის გამოყენებით. ISPI ყოველწლიურად აწყობს კონფერენციებს, გამოფენებსა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
ISPI-ს კონფერენციები მნიშვნელოვანი ინტერაქციული ღონისძიებებია, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებასა და ინოვაციურ იდეებს უზიარებენ, რაც ორგანიზაციებს ეხმარება სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აშშ-დან, კავკასიის რეგიონიდან და საქართველოს კერძო და საჯარო სექტორებიდან ეფექტიანობის გაუმჯობესების პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებსაც სურთ საკუთარი დაწესებულებების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესწავლა.