FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

18 ივნისი 2020

მიმდინარე თვეში „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები. ცვლილებები მომზადდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და საქართველოს მთავრობას წარედგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულ კანონებში განხორციელებული ცვლილებების მოკლე აღწერა:

1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლს დაემატა მე-22 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზაციის საბჭოს დისკრეციას სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, სტუდენტებს/მოსწავლეებს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო წელი აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ავტორიზაციის გაუქმებისა ან ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად მიუთითოს არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი, თუ საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შეცვლის თარიღი ემთხვევა დაწყებულ (მიმდინარე) სასწავლო წელს/სემესტრს.

ანალოგიური შინაარსის ცვლილებაა გათვალისწინებული განმეორებით აკრედიტაციაზე უარის თქმის და აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში 22-ე მუხლის 34 პუნქტით.

2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებებს დაემატა პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევა. ამავე კანონის მე-15 მუხლს კი დაემატა 31 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ განხორციელებული ორი ან მეტი პროფესიული პროგრამიდან რომელიმე პროგრამა არ არის შესაბამისობაში პროგრამულ სტანდარტთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება, ნაცვლად ავტორიზაციის გაუქმებისა, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.

3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველმა პუნქტმა გაითვალისწინა ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შედეგების ამომწურავი რეგულაცია. კერძოდ, დეტალურად არის გაწერილი, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგება, როგორც დაწესებულებებისთვის, ასევე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, აბიტურიენტების, მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისთვის.

განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ავტორიზაციის საბჭო მითითებული კანონის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულებას მისცეს საშუალებას, რომ არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წელის განმავლობაში განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა, სტუდენტებს მოცემულ შემთხვევაში ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა - სწავლა გააგრძელონ იმავე დაწესებულებაში ან ისარგებლონ მობილობის უფლებით. ავტორიზაციის გაუქმებისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის ანალოგიურად არის რეგულირებული უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმებისა და აკრედიტაციაზე უარის თქმის შედეგებიც.

4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322-ე მუხლის 22-25 პუნქტები ითვალისწინებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადების გახანგრძლივებას იმ დაწესებულებებისა და პროგრამებისთვის, რომლებსაც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადა ეწურებათ 2020 წლის განმავლობაში. აღნიშნული გადავადება არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე და საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის მიმართ ამ კანონის ამოქმედებამდე ავტორიზაციის ან აკრედიტაციის საბჭოებმა მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება ან/და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ამოეწურა მიმდინარე ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადა და რომლის ავტორიზაციასთან/აკრედიტაციასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობდა.

5. განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილი საავტორიზაციო განაცხადებზე წარმოების ვადის შეჩერებას, კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ან ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებულ ისეთ ადმინისტრაციულ წარმოებებზე, რომელთა განხორციელებაც ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით შეუძლებელია დაწესებულებაში ვიზიტის განხორციელების გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების ვადა ჩერდება 2021 წლის 1 იანვრამდე.

6. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას, თუკი ეს განათლება მიღებულია უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1.