17 ივნისს დისტანციური მუშაობის რეჟიმში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის - „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ - მმართველი კომიტეტის მე-4 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა წარადგინეს პროექტის მიღწევების, ვადებისა და გამოწვევების ამსახველი ანგარიში. მათ ერთხმად აღიარეს, რომ კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, პროექტმა შეძლო ღონისძიებების დისტანციური მუშაობის რეჟიმში განხორციელება, რაც უპრეცედენტოა და მადლობა გადაუხადეს დაძმობილების პროექტს, მის მუდმივ უცხოელ მრჩეველს საქართველოში კაი ეტცოლდს სტაბილური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროექტის ბენეფიციარმა ლიდერმა თამარ მახარაშვილმა ხაზი გაუსვა დაძმობილების პროექტის მნიშვნელობას ENQA-ს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ ცენტრის მიღწევები ბოლო კვარტალში პროექტის აქტიურ მოღვაწეობას უკავშირდება.
ესტონელი პარტნიორების სახელით, ჰელი მატტისენმა - ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) ხელმძღვანელმა, პროექტის უმცროსმა ლიდერმა ცენტრს თემატური ანალიზისათვის საკითხების დროულად განსაზღვრისაკენ მოუწოდა, მომავალი მისიების დაგეგმვისა და მიმდინარე საკითხებში დროული მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით.
პროექტის უფროსმა ლიდერმა, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა - ფრანკ პეტრიკოვსკიმ ევროკავშირთან დაკავშირებით მმართველი კომიტეტის შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა პრიორიტეტები, რომლებიც 2020 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოში გერმანიის პრეზიდენტობას უკავშირდება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბენეფიციარი დაწესებულების - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი 2019 წლის ივლისში დაიწყო და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად, ხორციელდება.
,,დაძმობილება“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/…/twinning_en