პროფესიული განათლების რეფორმის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა იყო, რამაც ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი დაახლოება უზრუნველყო.
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები, ყოფილი ჩარჩო დოკუმენტები, პერიოდულ გადახედვას ექვემდებარება. ამჯერად მათი გადახედვის საჭიროება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთი მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე დაუგროვდათ ახალი, მოდულური პროგრამების განხორციელების გარკვეული გამოცდილება და ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების გამოყენების კვალდაკვალ მოხდა საგანმანათლებლო სტანდარტებში ცვლილებების შეტანის საჭიროებების იდენტიფიცირება.
გარდა ამისა, გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დგება შეფასების ინსტრუმენტების ცენტრალიზებულად შექმნის პროცესის პარალელურად. ასევე, ცვლილებების საჭიროება გამოიწვია დუალური სწავლების ფართოდ დანერგვამ, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის დანერგვის პროცესმა, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ზოგიერთი რეკომენდაციის ცვლილებამ, რომლებთან შესაბამისობაც ქვეყნის ვალდებულებაა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
გასათვალისწინებელია ქვეყნის დონეზე არსებული სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და ბოლო დროს, პანდემიის გავრცელების ფონზე, პროფესიული განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე რეაგირება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, თამარ მახარაშვილის, განცხადებით - „ცენტრი კოორდინაციას გაუწევს საგანმანათლებლო სტანდარტების ეტაპობრივ გადახედვას, რომელიც ღია, გამჭვირვალე და ჩართულობითი პროცესი იქნება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შევა სწავლის სფეროების კლასიფიკატორშიც, რომელიც, ერთი მხრივ, შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპულ რეგულაციებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს ეროვნული საგანმანათლებლო სივრცის სპეციფიკას, რომლის მთავარი ორიენტირი შრომის ბაზრის არსებული მოთხოვნებია“.