განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და კომპანია Microsoft საქართველოს ორგანიზებით გაიმართა უმაღლესი განათლების ლიდერთა ფორუმი თემაზე- ხარისხის განვითარება ინსტიტუციური ეფექტურობისთვის და ტექნოლოგიების როლი უმაღლეს განათლებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტებისა და საჭიროებების განხილვა და იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების, ადმინისტრირების პროცესებისა თუ ინფრასტრუქტურის მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და ინსტიტუციური ეფექტურობის ზრდას.
ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განათლების სფერო კი გამორჩეული რგოლია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები საქართველოშიც დაინერგოს, რაც გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს და ეფექტურს გახდის ორგანიზაციებში მიმდინარე ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს.
ლიდერთა ფორუმზე პრეზენტაცია წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე ჯიბლაძემ. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გავრცელდეს და დაინერგოს ტექნოლოგიური ინოვაციები, რადგან ისინი დიდ როლს თამაშობენ ორგანიზაციის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. სპეციალურად ფორუმისთვის თბილისში ჩამოვიდა განათლების გადაწყვეტების ექსპერტი, Microsoft-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობის წევრი ოლივერ ზოფიჩი, რომელმაც წარმოადგინა უახლეს ქლაუდ ტექნოლოგია-Office 365. ზოფიჩიმ აღნიშნა, რომ Microsoft-ის ტექნოლოგიები უნივერსიტეტებისთვის სწავლა-სწავლების, ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საუკეთესო ერთიან გარემოს ქმნიან. განათლებაში თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა Microsoft საქართველოს განათლების მენეჯერმა შოთა მურცხვალაძემ. ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარმოადგინეს ბიზნესის წარმომადგენლებმა: დავით კიზირიამ (Innovative Systems Management), დავით გაბრიჩიძემ (UGT), დავით რამიშვილმა (High Tech Solutions). ისინი უშუალოდ მუშაობენ საუნივერსიტეტო საკითხებზე.
ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისა და გამორჩეული პარტნიორობისთვის Microsoft-მა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სერტიფიკატი გადასცა. ფორუმზე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.