FAQ

შეხვედრა პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის წესის პროექტთან დაკავშირებით

30 ნოემბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ონლიან რეჟიმში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნა პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის წესის პროექტი.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და “ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (Twinning) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები ესტონეთიდან და გერმანიიდან.

შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა. მან ისაუბრა იმ კონცეპტუალურ სიახლეებზე, რომლებიც აღნიშნული წესის დანერგვას მოყვება სისტემაში.

ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ხაზი გაუსვა იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა აღნიშნული წესის ინიცირება, ასევე ისაუბრა პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული სტუდენტების მობილობას, მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლას.

შეხვედრის ფარგლებში ესტონელი ექსპერტის კაიე პისკოპის მიერ გაზიარებული იქნა ესტონეთის გამოცდილება პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის შესახებ, შემდეგ კი დეტალურად იქნა განხილული წესის პროექტი.

შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დადებითად შეფასდა წარმოდგენილი დოკუმენტი. გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ შემუშავებული წესის პროექტი შესაბამისობაშია „პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის განსაზღვრის შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციასთან და სრულად ითვალისწინებს პროფესიული განათლების სფეროში ევროპის ხარისხის უზრუნველყოფს (EQAVET) პრინციპებს.

შეხვედრა პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის წესის პროექტთან დაკავშირებით