FAQ

ონლაინ შეხვედრა პროფესიული დარგობრივი საბჭოების წარმომადგენლებთან

18 დეკემბერი 2020

17 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, ონლაინ შეხვედრა გამართეს პროფესიული დარგობრივი საბჭოების წარმომადგენლებთან.

საბჭოს წევრებთან მისალმებისას ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა ხაზი გაუსვა საბჭოს განსაკუთრებულ როლს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფის საქმეში და მადლობა გადაუხადა მათ ასეთ მნიშვნელოვან საკითხში განათლების სისტემის და ზოგადად, იმ სფეროს განვითარების მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი საბჭოებში წარმოადგენენ.

გარკვეული დროით მუშაობის წყვეტის შემდეგ, ცენტრის დირექტორის ბრძანებით 12 მიმართულების დარგობრივი საბჭო ხელახლა ჩამოყალიბდა და მასში შესაბამისი სფეროს სახელმწიფო მარეგულირებლების, დარგობრივი ასოციაციების, დამსაქმებელთა გაერთიანებების, ბიზნეს სუბიექტების და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები არიან შეყვანილნი.

შეხვედრაზე განხილული იქნა პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირების არსებული მიდგომები, სამომავლო ხედვები და ის გამოწვევები, რაც ზოგადად და განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას იწვევს, ასევე დარგობრივი საბჭოების მანდატი და განსაკუთრებული როლი ამ პროცესში.

ცენტრის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ერაძის განცხადებით- „ცენტრის საქმიანობა თანამშრომლობისა და გამჭვირვალეობის პრინციპებს ეფუძნება. ამიტომაც, საბჭოს სხდომები დღეიდან საჯარო გახდება და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოები პირველ ეტაპზე, ძირითადად, რეკომენდაციებზე კონცენტრირდებიან, რომლებიც დარგობრივი უნარების სწავლება-შეფასების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობებს უკავშირდება კონკრეტული კვალიფიკაციის კონტექსტში. ასევე გათვალისწინებული იქნება განხორციელების პროცესში, განმახორციელებელი სასწავლებლებისაგან და მათი პარტნიორი კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან მოწოდებული უკუკავშირი ამ სტანდარტების ხარისხის და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით “.

ონლაინ შეხვედრა  პროფესიული დარგობრივი საბჭოების წარმომადგენლებთან