ცენტრის დირექტორის ბრძანებით „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის'' პროფესიული გადამზადების პროგრამისათვის მინიმალური სარეკომენდაციო მოთხოვნები დამტკიცდა. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდა. ის მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ენერგეტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა აღსრულების ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობის, ასევე განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების საკითხებში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის გაზრდას.
მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ცენტრს მიმართონ ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟის მიმართულებით პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მოთხოვნით.
ცენტრის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ერაძის განცხადებით, დასაქმების სხვადასხვა პოზიციების ფარგლებში მინიმალური სარეკომენდაციო მოთხოვნების ერთობლივი შემუშავება და დამტკიცება ნათელი მაგალითია ცენტრისა და მარეგულირებლის მჭიდრო თანამშრომლობისა, რაც მიზნად ისახავს კონკრეტულ სფეროში, მოთხოვნად უნარებში ადამიანური რესურსის მოკლე დროში გადამზადების ხელშეწყობას და ამ პროცესის ხარისხის ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფას. ჩვენ მზად ვართ ანალოგიური პრინციპით ვითანამშრომლოთ სხვა სფეროებშიც, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან.